ნივთის დაბრუნების წესები

“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მომხმარებელს უფლება აქვს დისტანციურად (ონლაინ) ნივთის შეძენის შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უკან დაუბრუნოს საქონელი მოვაჭრეს, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.

მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს ზემოაღნიშნულ ვადაში გაუგზავნოს შევსებული დაბრუნების ფორმა, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება. თუ აღნიშნულ ვადაში მომხმარებელი არ შეავსებს დაბრუნების ფორმას მომხმარებელი კარგავს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ნივთის დაბრუნების უფლებას.

ნივთის უკან მობრუნების სრული ხარჯი ეკისრება მომხმარებელს.

ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ჰქონდეს სასაქონლო სახე, ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

14 დღის განმავლობაში დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 90 (ოცდაათი) ლარს.

მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

  • მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  • პროდუქტი არის გამოყენებული;
  • პროდუქტს შენარჩუნებული არ აქვს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, პლომბი, საფაბრიკო იარლიყი (ეტიკეტი);

 

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულების შედეგად ნაკისრი ვალდებულებები.

მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრისათვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნოს პროდუქტი მოვაჭრეს.

მოვაჭრე ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს პროდუქტის ნასყიდობისათვის გადახდილი თანხა აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია) პროდუქტის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის ვადაში.

ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა: საქონლის უსასყიდლოდ შეცვლა, ფასის შემცირება ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

საქონლის შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებაა. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

საქონელი შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

საქონლის უსასყიდლოდ შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის და სამუშაო ძალის ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოაღნიშნული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან ორი წლის განმავლობაში აღმოჩნდა. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.