დგამი

„ საერთო სახელწოდება ოთახის ან ბინის მოსაწყობი, დასადგამი ნივთებისა: სკამი, მაგიდა, კარადა და სხვ. - ი.გოგებაშვილი“
გვინდა მივიწყებას მიცემული ეს სიტყვა ასოცირდებოდეს მაღალი სტანდარტის ქართულ ნაწარმთან, რომლის ხარისხითაც ვიამაყებთ და ვიტყვით - ჩვენც შეგვიძლია! 

მისია

დგამის მისიაა ვაწარმოოთ მაღალი სტანდარტის შესაბამისი  პროდუქცია მინიმალური თვითღირებულებით, რათა:

  • სეგმენტის ფარგლებში იმპორტირებული საქონელი ჩავანაცვლოთ ადგილობრივით, შედეგად ფულადი სახსრების გადინების შემცირებაში, ლარის გამყარებასა და ქართული ეკონომიკის გაძლიერებაში შევიტანოთ ჩვენი მცირედი წვლილი;
  • სერიული პროდუქციის წარმადობის და ასორტიმენტის შემდგომი ზრდით, ქვეყნის ფარგლებში შევქმნათ დამატებითი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.

მიზნები

 დგამის მიზანია, საქართველოს ყველა ოჯახსა თუ ოფისში იყოს თუნდაც ერთი ჩვენი პროდუქტი.

დაფუძნების იდეა და ისტორია:

კომპანია „დგამის“ სახელწოდებით 2015 წელს დაფუძნდა, თუმცა გუნდის ბირთვი სათავეს 1997 წლიდან იღებს.პირველ ეტაპზე ავეჯის წარმოება არც იგეგმებოდა, გაგიკვირდებათ და... ჩვენ ვქმნიდით ავტომობილს.  ეს იყო 30-ანი წლების როდსტერის პროტოტიპი. მუშაობის პროცესში დაგვჭირდა პროფილური მილების იმგვარად მოხრა, შედუღება და მონიკელება ისე, რომ დამუშავების კვალი არ დატყობოდა, რაც ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენდა, თუმცა ჯიუტი მიზანდასახულობით, ტექნოლოგიის შესწავლით და  მრავალი ექსპერიმენტით საბოლოოდ მივიღეთ სასურველი შედეგიც და სიამაყის განცდაც.

 ამ სიამაყეს გვიბათილებდა სწორედ იმ დღეებში, სახელოსნოს ინვენტარად შეძენილი, იმავე პროფილებით დამზადებული „ქართული სკამი“,  რომელის უხარისხო შესრულებაც მიღწეული შედეგის ფონზე განსაკუთრებულად თვალში საცემი  გახდა. -  ჩვენ ხომ უკვე შეგვიძლია დავამზადოთ მაღალი სტანდარტის „ქართული სკამი“ და მეტადაც ვიამაყოთ? ამ სკამს მრავალი ადამიანი გამოიყენებს ავტომობილისგან განსხვავებით?!  ერთია რამოდენიმე სკამის შექმნა და მეორე - სერიული წარმოება, ამისთვის უკვე ტექნოლოგიური ხაზია საჭირო. მოგვეზიდა კაპიტალი, ჩამოგვეტანა დანადგარები, გამგვეყო... შაბლონურ ბიზნეს პროექტს გავდა და ქართული მასში აღარაფერი რჩებოდა. აქ გაჩნდა ისევ ამბიცია, თითქოსდა შეუსრულებელი გეგმის - ავეჯის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები თავად დაგვემზადებინა. ბიზნესის განვითარების სტანდარტული გზა არ აგვირჩევია, რადგან ფინანსური მოგება ნაკლებად გვაინტერესებდა,  ამოცანის არსი იყო, შეგვექმნა ქართული პროდუქცია და ჩვენი ასორტიმენტიდან თუნდაც ერთი პროდუქტი შესულიყო ჩვენი ქვეყნის თვითოეულ ოჯახში. ფაქტობრივად საქმე დავიწყეთ „უკუღმა“, თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმოების ყველა ნორმის უგულებელყოფით. საკმაოდ მოკლე დროში და რაც მთავარია მნიშვნელოვანი ფულადი ინვესტირების გარეშე, დავაპროექტეთ და დავამზადეთ სერიული პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები. ერთის მხრივ, დანადგარების დაპროექტებამ, აწყობამ და გამოცდამ შედარებით მეტი დრო მოითხოვა, ვიდრე ტექნოლოგიების შეძენის შემთხვევაში იქნებოდა საჭირო,  თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა:

  • შეგვიძლია ვიამაყოთ მოცემულობით, რომ არა მარტო ვქმნით ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პროდუქტებს, არამედ, მათი წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებსაც.
  • დგამის პროდუქციის თვითღრებულება არ მოიცავს ძვირად ღირებულ დანადგარებში ინვესტირებულ თანხებს, რომელთა მომსახურება და პერიოდულად განახლება ასევე მნიშვნელოვან დანახარჯებს უკავშირდება.
  • საწარმოო პროცესი არასდროს ფერხდება, რადგან ჩვენს მიერ შექმნილ დანადგარებს მწყობრიდან გამოსვლის შემთვევაშიც მარტივად და იაფად შეგვიძლია შეკეთება.
  • დგამის ნაწარმის ხარისხი მხოლოდ კონსტრუქციულ მდგრადობას არ მოიცავს, ის ასევე გულისხმობს ინდივიდუალურ სტილს მინიმალურ ფასად.ჩვენი  გამოცდილების გაზიარების მთავარი არსი იმაშია, რომ დღეს უკვე კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ: საქმის სიყვარულით,  ერთგული დამოკიდებულებით, დაუზარელი შრომით და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებით, ყოველგვარი გარე ინვესტიციების გარეშეც შესაძლებელია შედეგების მიღწევა.